მესამე სექტორის შეფასებით, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა
მესამე სექტორის შეფასებით, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მესამე სექტორმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, საარჩევნო პროცესი მთელი დღის განმავლობაში ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა და რაიმე მნიშვნელოვანი სახის კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის გარკვეული დარღვევები, რომლის შესახებაც ორგანიზაციებმა არაერთი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს, თუმცა მათივე განმარტებით, აღნიშნული საკითხები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მრავალეროვანი საქართველო“ თანხმდებიან, რომ დღის მთავარი ტენდენცია საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და ამომრჩევლის კონტროლი იყო.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ბორჯომში, ყაზბეგსა და ოზურგეთში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების შიგნით და გარე პერიმეტრზე სხვადასხვა პარტიის კოორდინატორების მხრიდან ხდებოდა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის პირადი მონაცემების შეგროვება და მათი აღრიცხვა. მიხეილ ბენიძის თქმით, იმავე უბნებზე ამომრჩევლების მიყვანა ხდებოდა სამარშრუტო ტაქსებით, რასაც მესამე სექტორი ცუდ ტენდენციად აფასებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლების ინფორმაციით კი, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა, ბორჯომის მე-17 უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა სომხურ ენაზე, რამაც კომუნიკაციის პრობლემა შექმნა.

უფრო დეტალურ ინფორმაციას დარღვევებსა და ტენდენციებზე მესამე სექტორი მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც ხმების დათვლის პროცედურა ექვსივე ოლქში დასრულდება. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიფინგებს უკვე 13 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან გამართავენ.