მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ლატვიაში არ აქვთ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, ვალდებული იქნებიან, ქვეყანაში შესვლამდე საფრთხის პრევენციის სისტემაში ინფორმაცია წარადგინონ 
მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ლატვიაში არ აქვთ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, ვალდებული იქნებიან, ქვეყანაში შესვლამდე საფრთხის პრევენციის სისტემაში ინფორმაცია წარადგინონ 

მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ლატვიაში არ აქვთ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, ვალდებულნი იქნებიან, ქვეყანაში შესვლამდე საფრთხის პრევენციის სისტემაში ინფორმაცია წარადგინონ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ლატვიის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც საელჩო წერს, ინფორმაციის წარდგენის წესი 2025 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ლატვიაში არ აქვთ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, ვალდებულნი იქნებიან ლატვიაში შესვლამდე სახელმწიფო საფრთხის პრევენციის საინფორმაციო სისტემაში (eta.gov.lv) წარადგინონ ინფორმაცია საკუთარი თავის, მათი ნათესავების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მგზავრობის მიზნის შესახებ.

იმიგრაციის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები სეიმმა 2025 წლის 3 აპრილს მიიღო.

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მქონე პირთა წრე ზუსტად არის განსაზღვრული იმიგრაციის შესახებ კანონის 4.4 მუხლის პირველ პუნქტში – უცხოელები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის ან ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები და რომლებსაც არ აქვთ ლატვიის რესპუბლიკის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, ვალდებულნი იქნებიან, მიაწოდონ ინფორმაცია. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მხოლოდ ლატვიის გავლით ტრანზიტით გადაადგილდებიან.

ლატვიაში ჩასვლამდე, სულ მცირე, 48 საათით ადრე ინფორმაცია უნდა წარადგინოთ ონლაინ რეჟიმში eta.gov.lv-ზე. მონაცემების ვებგვერდზე წარდგენის შემდეგ პირი მიიღებს ავტომატურ დადასტურებას მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მონაცემების მიღების შესახებ. ლატვიაში შესასვლელად ცალკე ნებართვის ლოდინი საჭირო არ არის“, – წერს ლატვიის საელჩო.