მერსედეს ვერა-მარტინი - მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა
მერსედეს ვერა-მარტინი - მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა

მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა, – ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს ორი კვირის განმავლობაში გამართავენ.

მერსედეს ვერა-მარტინმა მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ თემებზეც ისაუბრა.

„ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარება. ასევე ვისაუბრეთ მთავრობის გეგმების შესახებ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით,“ – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშს მოამზადებს.