მერსედეს ვერა-მარტინი - ინფლაცია სამ პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება
მერსედეს ვერა-მარტინი - ინფლაცია სამ პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება

საქართველოში ინფლაცია სამიზნე სამ პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარე შოკების მიმართ.

„2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით“, – აღნიშნა მან.

ამასთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 4.3 პროცენტით.

„ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული“, – აღნიშნა მერსედეს ვერა-მარტინმა.

ამასთან, მისის თქმით, სსფ მიესალმება, საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მიმართ.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვება“, – აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დასრულდა და პროგრამა ერთი წლით გაგრძელდა.  აღნიშნული შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობისა და სსფ-ს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს. აღნიშნული მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი).