მაია ბითაძე - არის თემები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არ უნდა აპატიო
მაია ბითაძე - არის თემები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არ უნდა აპატიო

როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია მიხვდება, რომ მას თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის საურავს სთხოვენ, მაქსიმალურად შეეცდება, ვადებში ჩაეტიოს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა, სამოქალაქო აქტივისტის, გოგა ჩანადირის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ვადების შემცირება, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ გზის საფარის მოასფალტება დროულად მოხდეს.

„ქალაქის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, კერძო კომპანიებმა თავიანთი საქმიანობა მერიასთან ერთად, სინქრონში მოახდინონ. არსებობს ფაქტობრივი მდგომარეობა, ფორსმაჟორი, რომელიც შეიძლება, გაითვალისწინო, მაგრამ არის ასევე მიმდინარე თემები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არ უნდა აპატიო და მოსთხოვო იმ ფუნქციის შესრულება, რისთვის ის გადახდილ თანხას ხარჯავს. ”, – განაცხადა ბითაძემ.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა კონტროლის გამკაცრება, რათა სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მტვრის შესაკავებლად მშენებლობის პროცესში დამცავი ტექნოლოგიები გამოიყენონ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ პრობლემა აღსრულებაშია.

„ერთია, რომ გავამკაცროთ კანონმდებლობა, რასაც მე პირადად, ყოველთვის არ ვემხრობი, თუ მას ადეკვატური აღსრულება არ მოჰყვა. შესაბამისად, ვეცდებით, აღსრულების კუთხით ბევრად ეფექტიანი ვიყოთ. თუმცა, არაერთი მიმართულებით ვფიქრობთ სანქციების არა მხოლოდ გამკაცრებაზე, არამედ -გაადეკვატურებაზე”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
მაია ბითაძემ ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა სამართლებრივი ცვლილებების მთელი კასკადი, რათა რეგულაციები ნორმაში მოვიდეს.

“ასევე, მერია გეგმავს ურბანული საკითხის გაძლიერებასა და ამ მხრივ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რაც საბოლოოდ, დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს”,- განაცხადა მაია ბითაძემ.