მერი მაღლაფერიძე - გვაქვს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომლების შეთავაზებაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის შეგვიძლია
მერი მაღლაფერიძე - გვაქვს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომლების შეთავაზებაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისთვის შეგვიძლია

თავშესაფარი არის სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც 24-საათიან საცხოვრისს ითვალისწინებს, – ამის შესახებ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გვაქვს კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები, რომლებიც შეგვიძლია, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს შევთავაზოთ. ასევე, გვაქვს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზი. თავშესაფარი არის სადღეღამისო სერვისი იმ ადამიანებისთვის, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსით სარგებლობს. ასეთი გამონათქვამი მასტიგმატიზებელიც შეიძლება, იყოს, მაგრამ კანონმა ასე გაითვალისწინა და ამწუთას, ასე ჰქვია. თუმცა, ამაზე ვმუშაობთ, რომ ასეთი ტერმინები აღარ გამოვიყენოთ. თავშესაფარი ეს არის სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც 24-საათიან საცხოვრისს ითვალისწინებს. ამასთან, გვაქვს იურიდიული მომსახურება, ერთვება სოციალური მუშაკი და მიმდინარეობს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა – სურვილისა და საჭიროების შესაბამისად“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

ამ განცხადებით მერი მაღლაფერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია სერვისები ოჯახური ძალადობის გამო სახლიდან წამოსული მსხვერპლისთვის, რომელიც უმეტესწილად, ქალი და ბავშვია.

მისი თქმით, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ, ისინი პირველ ნაბიჯს დგამენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა მოხდება შემდეგ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, შეძლებენ თუ არა ისინი ცხოვრების სხვაგან გაგრძელებას, როდესაც საცხოვრისის გამოწვევის წინაშე დგებიან, როგორ და სად მოხდება ბავშვების განთავსება და ა.შ.“ – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლია ოჯახში ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარში ცხოვრება, მერი მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ თავშესაფრით სარგებლობის ვადა უპირველესად სტატუსზეა მიბმული, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება, ცხრა თვემდე გაგრძელდეს.

„ეს არის დაწესებულება, რომელსაც რეაბილიტაციის ფუნქცია აქვს. ეს არ არის თავშესაფარი იმ გაგებით, სადაც შეიძლება, ადამიანი გადავიდეს და მუდმივად იცხოვროს. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ადამიანმა ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება შეძლოს. გასული წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მსხვერპლმა ისევ მოძალადესთან დაბრუნება ამჯობინა, მაგრამ ასეთი სტატისტიკა საკმაოდ დაბალია“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მერი მაღლაფერიძემ ასევე აღნიშნა, რომ კრიზისული ცენტრები ხუთ სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა და თბილისის გარდა, ამ კრიზისულ ცენტრებში არის დღის მომსახურება.

„ყველას, ვისთანაც შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, მაინცდამაინც თავშესაფარში განთავსება არ სჭირდება. შეიძლება, პირი ადგილზე დარჩეს ან სხვაგან გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში, თავშესაფრის საჭიროება ყოველთვის არ დგას. სწორედ ამიტომ ჩაითვალა, რომ კარგია დღის მომსახურება. შეიძლება, მათ, ვინც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და თუნდაც, იურიდიული დახმარება კვლავ სჭირდებოდეთ და კრიზისული ცენტრები სწორედ ამიტომ არსებობს. ცენტრებს ნებისმიერმა პირმა შეიძლება მიმართოს, რადგან სტატუსზე მიბმული არ არის“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.