მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან
მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონი დღეს კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. ანუ პროცესი მიმდინარეობს. მესმის, ისმის კითხვები, რატომ არ მიმდინარეობს სწრაფად, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძალიან ფრთხილად საკეთებელია, ბავშვების ინტერესები რომ არ დაიკარგოს. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, ეს არის ის, რომ შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება აღმზრდელებს, მერი მაღლაფერიძის თქმით, ის აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, დაწესებულებაში აღარ იმყოფებიან.

გარდა ამისა, მერი მაღლაფერიძე განმარტავს, რომ შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც დეინსტიტუციონალიზაციას შეეხება, შესაძლოა, გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„რაც შეეხება აღმზრდელებს, ვიცი, რომ გაისმა კითხვები, რის მიხედვით მოხდა ეს ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, სულ მცირე ოთხ ბავშვზე ერთი აღმზრდელი უნდა იყოს ადგილზე, აქ ცოტა მეტი რჩება, და რა თქმა უნდა, შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც დეინსტიტუციონალიზაციას შეეხება, შესაძლოა, ითვალისწინებდეს გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც, თუმცა ეს ყველაფერი შემდგომი ნაბიჯებია და ვის, როგორ შეეხება, თანმიმდევრულად მოგაწვდით ინფორმაციას. აღმზრდელებთან დაკავშირებით რაც დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ სადაც რისკები იყო დანახული, ისინი დაწესებულებაში აღარ იმყოფებიან. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ძალიან კარგად ვთანამშრონლობთ. რისკებთან დაკავშირებით არაერთხელ ვრცელდებოდა მედიაშიც და ჩვენც ვაკეთებთ შეფასებებს, რომლის შესახებაც ჯერჯერობით დეტალებში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა როდესაც დაიდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. რა თქმა უნდა, არის საუბრები ბავშვებთან, თუ დაწესებულებასთან, რაც ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ დეტალების თქმა სწორი არ არის. ჩვენ ბავშვები იმიტომ კი არ გვიყვებიან, რომ კამერებთან ვთქვათ, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი შეფასებისთვის. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„ყველა მათგანისგან გვქონდა თანხმობა“, – დასძინა მერი მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა დღეს განაცხადა, რომ პანსიონში ამ ეტაპისთვის 19 აღმზრდელი დარჩება. მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით მეტი თანამშრომლის საჭიროება არ არის. მისივე თქმით, ნინოწმიდნის პანსიონში 40-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა.

დატოვე კომენტარი