„მერები ეკონომიკური ზრდისთვის” - ევროკავშირის მხარდაჭერით დღეს ახალი საპილოტე პროექტი იწყება
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის” - ევროკავშირის მხარდაჭერით დღეს ახალი საპილოტე პროექტი იწყება

ევროკავშირი ბოლნისის, გორისა და თბილისის მუნიციპალიტეტებისთვის სამი საპილოტე პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით 1.4 მილიონ ევროს გამოყოფს.

ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის მერებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში უფრო აქტიური როლი ითამაშონ.

“მერები ეკონომიკური ზრდისთვის” აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომელმაც ოპერირება 2017 წლის იანვარში დაიწყო.

დღევანდელ პრეზენტაციაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებულ სამ საგრანტო კონტრაქტს წარადგენენ. მუნიციპალიტეტები 2017 წლის ბოლოს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეირჩა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის წარმომადგენლობის მოადგილე კარლო ნატალე მიიღებს, რომელიც გრანტის მიმღებ მუნიციპალიტეტებს სამახსოვრო სიმბოლოებს გადასცემს.

ღონისძიებას ასევე გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტებიდან მაღალი თანამდებობის პირები, ევროკავშირის კომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ბიზნესგაერთიანებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოში დაფინანსებული “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” საპილოტე პროექტებია:

1. ბიზნესაქტივობებისთვის ეფექტური პლატფორმის შექმნა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
2. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაფართოება მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, გორის მუნიციპალიტეტი;
3. ბიზნესაქსელერატორის შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის თბილისში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.