მარტვილის „მერანმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა წყალტუბოს „სამგურალი 2“-თან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიში დაამარცხა 4:0.
მარტვილელებმა წყალტუბოს „სამგურალის“ რეზერვისტებთან დაპირისპირებაში უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს. მეტოქის კარის აღება მოახერხეს კიჭი მელიავამ (5) და როინ ჩხაიძემ (21). მეორე ნახევარში კი თავი დათო თოდუამ (51) და გუნდის ახალწვეულმა მამადუ სეკომ (78) გამოიჩინეს.
მამადუ სეკო „მერანში“ ახლახანს ჩაირიცხა. 27 წლის შემტევისთვის ეს მეოთხე ქართული გუნდია – საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა და „რუსთავში“ თამაშობდა, იმავე წელს „შევარდენი 1906“-ში გადავიდა, გასულ სეზონში ლიგა 3-ის „თბილისი სითის“ ღირსებას იცავდა.
მარტვილელებმა ამ გუნდიდან კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატეს – მოჰამედ სილა. 21 წლის თავდამსხმელი „მერანში“ გასინჯვაზე იმყოფებოდა და სამწვრთნელო სტაფს თავი მოაწონა.
„მერანმა“ მოთამაშე ქუთაისის „ტორპედოდან“ დაიმატა – ლუკა ელბაქიძე. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 18 წლის მცველი, მარტვილის „მერანში“ იჯარით ითამაშებს.