„მერანმა“ სამი ახალწვეული წარადგინა - ოდიშარია „დინამოს“ დაუბრუნდა #1TVSPORT
მარტვილის „მერანმა“ სავარჯიშო პროცესი განაახლა და გუნდის ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებებიც გაასაჯაროვა.
მარტვილის საფეხბურთო სკოლის აღზრდილს, ლაშა ოდიშარიას „დინამო თბილისთან“ აქვს კონტრაქტი და გუნდში იჯარით იყო განათხოვრებული. მას განათხოვრების ვადა დაუსრულდა და დედაქალაქურ გუნდს დაუბრუნდა.
ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების განახლებამდე „მერანმა“ სამი ახალწვეული წარადგინა – ნიკა აფაქიძე (მერანი, თბილისი), დავით ჯიქია (სამტრედია) და ცოტნე მესხი (ბახმარო).
აფაქიძე ცენტრალური მცველია და „მერანის“ (თბილისი) გარდა, სხვადასხვა დროს „თელავის“, „სიონის“ „საბაილის” (აზერბაიჯანი), „რუსთავის”, „შუქურას”, „ტრაკაის” (ლიეტუა) და „ბაიას” (ზუგდიდი) ღირსებას იცავდა.
26 წლის თავდამსხმელმა დავით ჯიქიამ კარიერა 2011 წელს „ლოკომოტივში“ დაიწყო და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ჯიქიას საფეხბურთო კარიერა ასევე უკავშირდებოდა „სამტრედიას“, „შუქურას“ (ქობულეთი), „ტორპედოს“ (ქუთაისი), „დინამო თბილისს“, „საბურთალოს“, იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო საფეხბურთო კარიერა მარტვილელთა კიდევ ერთმა ახალწვეულმა, შემტევმა ნახევარმცველმა ცოტნე მესხმაც, რომელსაც ასევე უთამაშია, „დინამო თბილისში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ქობულეთის „შუქურაში“, ფოთის „კოლხეთი 1913“-ში, ოზურგეთის „მერცხალში“, ხობის „კოლხეთში“, საჩხერის „ჩიხურაში“ და ჩოხატაურის „ბახმაროში“. ჯიქიას მსგავსად, მესხიც საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ.