„მერანი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უახლოვდება [ვიდეო]
„მერანი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უახლოვდება [ვიდეო]

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2-ში 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა მდგომარეობა გაიუმჯობესეს, ხოლო აუტსაიდერ ლანჩხუთის „გურიას“ ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.

თბილისში, მუხიანის სპორტულ კომპლექსში „გაგრამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მეკარის, ბექა ქურდაძის კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლო წამებზე მაინც დამარცხდა – 90+6-ე წუთზე. პენალტი ვარლამ კილასონიამ გამოიყენა და „სამტრედიამ“ გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 0:1.

„კოლხეთი 1913“-მა ფოთის ნაცვლად, „ცხინვალს“ მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის არენაზე უმასპინძლა და საჭირო სამი ქულა მოიპოვა. გადამწყვეტი გოლი 51-ე წუთზე თემურ ძაძამიამ გაიტანა.

თბილისის „მერანმა“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად მორიგი ნაბიჯი გადადგა – გათამაშების ლიდერმა „თელავი“ სპაერის სტადიონზე მიიღო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ანგარიში 52-ე წუთზე გოგი ფიფიამ გახსნა, მისი გადაცემით სამ წუთში კი, იაგო დეისაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „მერანის“ სასარგებლოდ.

საკუთარ ქალაქში ვერც ქობულეთის „შუქურამ“ ითამაშა, რომელმაც „შევარდენი 1906“-ს ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძე-არენაზე“ უმასპინძლა და 22-ე წუთზე გიორგი ჭანუყვაძის გოლით დაწინაურდა. „შევარდენმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა – არკადი გალპერინის (45), ევგენი ჩეპურნენკოს (52) და თამაზ ბაბუნაძის (76) გოლებით სტუმრებმა 1:3 გაიმარჯვეს.

განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე „ზუგდიდმა“ აუტსაიდერი ლანჩხუთის „გურია“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 2:1. 35-ე წუთზე, ნახევარმცველმა ლუკა გუგუჩიამ „ზუგდიდი“ პენალტით დააწინაურა. 71-ე წუთზე ლანჩხუთელთა თავდამსხმელმა, გიორგი ებრალიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 79-ე წუთზე პაპუნა მოსემღვდლიშვილმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

25 ტურის შემდეგ თბილისის „მერანი“ 61 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მეორეზე არის „სამტრედია“ (53 ქულა), ხოლო მესამეზე – თბილისის „შევარდენი 1906“ (45 ქულა). რაც შეეხება აუტსაიდერებს: ბოლო ტურში გამარჯვებით ფოთის „კოლხეთი 1913“-მა 17 ქულა დააგროვა და ლანჩხუთის „გურიას“ (14) გადაასწრო.