მერაბ ტურავა - მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი არის პოლიტიკისა და სამართლის ნაზავი, საბოლოო შედეგის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, ეს პროცესი იყო თუ არა სწორად წარმართული
მერაბ ტურავა - მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი არის პოლიტიკისა და სამართლის ნაზავი, საბოლოო შედეგის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, ეს პროცესი იყო თუ არა სწორად წარმართული

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას საქართველო ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს და რამდენადაც ვხედავ, ითვალისწინებს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა განცხადებებს უკავშირდებოდა.

„რადგან მე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ვარ, შეიძლება უმჯობესი იყოს ასეთი საკითხების კომენტირებისგან თავი შევიკავო, რამდენადაც საკითხი არის სადაო. ეს საკითხი გადასაწყვეტად ცენტრალურ საკონსტიტუციო სასამართლოში მოდის. პარლამენტის მხრიდან იქნება, თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, გადაწყვეტილების, მიღებული კანონის, აქტის გასაჩივრება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, მიზანშეწონილი კომენტარი. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას საქართველო ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს და რამდენადაც ვხედავ, ითვალისწინებს.

ეს არის თემა, რომელიც არის პოლიტიკისა და სამართლის ნაზავი, შესაბამისად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, როგორ წარიმართება ეს პროცესი, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ, ჩემი მხრიდან ამის წინასწარ თქმა ძნელია. საბოლოო შედეგი როგორც იქნება, იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, ეს პროცესი სწორად იყო წარმართული თუ არასწორად. შეიძლება, იყოს მოწოდება პოლიტიკოსების მხრიდან, შეიძლება იყოს მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ როგორი იქნება ამ მოწოდებების რეალიზაცია სამართლებრივად და პოლიტიკური მოწოდებები, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოზე, პოლიტიკაზე, მოსამართლეებზე და ა.შ. საბოლოოდ, რა შედეგს მივიღებთ, იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. კრიტიკა არის ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შედეგი, თუ რა შედეგს მივიღებთ. ყველაფრის შანსი არსებობს, მთავარია, პროცესი როგორ წარიმართება“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.