მერაბ შარიქაძე - უდიდესი მადლობა, ძალიან გვჭირდება ასეთი გულიანი გულშემატკივრობა [ვიდეო]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიაში გუშინ ჩაფრინდა. გუნდთან ერთად არის მამუკა გორგოძე, რომელიც ნაკრებს ლონდონში შეუერთდა. „ბორჯღალოსნებს“ აეროპორტში ადგილობრივი მედია და გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებმაც ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვეს. გარდა მხარდამჭერებისა, ნაკრებს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი, თემურ ლეჟავა და საელჩოს წარმომადგენლებიც დახვდნენ.

„ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ადგილობრივ პრესასთან განაცხადა, რომ ასეთი გულშემატკივრობა ძალიან სასიამოვნოა. მან ადგილობრივების მიმართ მადლიერება გამოხატა და დაამატა, რომ გუნდი მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაზეა კონცენტრირებული, რომელშიც საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება.

პრესასთან ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმაც – „მინდა ყველას მადლობა ვუთხრა იმ შრომისთვის, რომელიც აქამდე გასწიეს. კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიაში ვიმყოფებით. იმედია, ტოკუშიმას მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და შეხვედრის შანსი როგორც ვარჯიშისას, ასევე ქალაქის ქუჩებშიც მოგვეცემა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის დაპირისპირება 23 სექტემბერს გაიმართება. მსოფლიო თასის ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი