მერაბ ქვარაია - არსებობს ნდობის ის მანდატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რეალურად მოუტანს გამარჯვებას
მერაბ ქვარაია - არსებობს ნდობის ის მანდატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რეალურად მოუტანს გამარჯვებას

ვთვლით, რომ არსებობს ნდობის ის მანდატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რეალურად მოუტანს გამარჯვებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, მერაბ ქვარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„მთელი ზაფხულის განმავლობაში და ახლაც, მიმდინარე პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების რეჟიმში ვართ. „ქართულ ოცნებას“ აქვს ამბიციური გეგმები და ფიქრობს, რომ ამომრჩეველთა 60%-ის მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის აბსოლუტურად რეალური და ბუნებრივია, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ჯერ შორს ვართ არჩევნების დღემდე. წინ საკმაოდ დიდი მარათონია გასავლელი. ვცდილობთ, გავიგოთ, რა სჭირდება საზოგადოებას. ჩვენ რეალურად შევთავაზებთ იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნდობის მაღალი მანდატი მიიღოს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველაფერს ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა ქვარაიამ.

ამ განცხადებით მერაბ ქვარაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა განაპირობებს „ქართული ოცნების“ თავდაჯერებულობას, რომ პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ს მიიღებს, კოალიციაში შესვლა არ დასჭირდება და საიდან მოვიდა რიცხვი 60%.

ქვარაიას თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, 2020 წლის არჩევნები ისეთივე მაღალი სტანდარტით ჩატარდეს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტარდებოდა. 

„ვფიქრობთ, ამას შევძლებთ. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება და ვთვლით, რომ არსებობს ნდობის ის მანდატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რეალურად მოუტანს გამარჯვებას“, – განაცხადა ქვარაიამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ის, როგორც მაჟორიტარი, მხარი დაუჭიროს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოხატა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნება, რაც მთლიანი პოლიტიკური საზოგადოების გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯია.

„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი დიალოგი იყო, ეს გადაწყვეტილება ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მიიღო. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია სასტარტო პირობას, რომელიც მაჟორიტარული სისტემის სახით ხელისუფლებას გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბრობდნენ, ეს განწყობა და დამოკიდებულება საუბარს ვერ გასცდა. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. პრაქტიკულად, თავი სასტარტო, თანაბარ რეჟიმში ჩავიყენეთ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად და პოლიტიკური კონკურენციისთვის ახალი ასპარეზი გავაჩინეთ“, – განაცხადა ქვარაიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის დღის წესრიგს ქმნის და მისი დღის წესრიგი არ არის ის, თუ რა კინკლაობაშია ერთმანეთთან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

„ჩვენი დღის წესრიგი ეს არ არის, რომელი უფრო ჰუმანური პოლიტიკის მქადაგებელი იქნება, სააკაშვილი თუ ბოკერია, ან რომელი უფრო ლიბერალური ღირებულებების მატარებელი იქნება. ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ისინი საზოგადოებას ამ დღის წესრიგს და ამ სცენარს სთავაზობენ, მაგრამ ჩვენი, როგორც ხელისუფლების დღის წესრიგი დღეს ჩვენ მოქალაქეებზე ფოკუსირება და ორიენტირებაა“, – განაცხადა ქვარაიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს საარჩევნო მარათონს, რომელიც ძალიან ადრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის ტრიბუნის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია.

დატოვე კომენტარი