მერაბ ლომინაძე - „ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება
მერაბ ლომინაძე - „ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს პროექტი წლების განმავლობაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლომინაძემ.

მისი თქმით, კომპანია „ენკა“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და ის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება.

„დიახ, ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება. რაც შეეხება ამ კომპანიაში დასაქმებულ პირებს, მე ალბათ, ერთ-ერთი მაგალითი ვარ იმისა, რომ ამ კომპანიაში დასაქმებული ვართ ქართველები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა ლომინაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა კომპანია „ენკა“ იმ დათმობისთვის, რომ დიალოგის გასაგრძელებლად მოსამზადებელი სამუშაოები შეწყვიტოს, მერაბ ლომინაძემ განაცხადა, რომ კომპანია ნებისმიერი სახის დიალოგისთვის არის მზად, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველა ჩართული მხარე ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესით მოქმედებს. 

კომპანია „ენკას“ დირექტორმა იმ დასავლური ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც მსგავსი პროექტების შემთხვევაში, მიწა პროექტის ინვესტორს არა თუ 99 წლით, არამედ სამუდამოდ გადაეცემოდა.

„მაგალითად მინდა, მოვიყვანო შვედეთი, სადაც მსგავსი პროექტების შემთხვევაში პროექტის ინვესტორს მიწა არა თუ 99 წლით, არამედ უვადოდ გადაეცემოდა. მინდა, მოგიყვანოთ ასევე ავსტრიის მაგალითი, სადაც მიწა, რომელიც ამა თუ იმ პროექტისთვისაა აუცილებელი, ინვესტორებს 90 წლით გადაეცემა“, – განაცხადა ლომინაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა კომპანია „ენკა“ მიწასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვისთვის, რადგან აქტივისტებისთვის მიწის ინვესტორზე 99 წლით გადაცემა კატეგორიულად მიუღებელია და ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მათ ძალიან რთულად ესახებათ, ლომინაძემ განაცხადა, რომ კომპანია „ენკა“ ღიაა ნებისმიერი საკითხის განსახილველად და დახურული საკითხი არ არსებობს.

„ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი გახლავთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც თავის მხრივ, კერძო საკუთრებას ეფუძნება და მისი ხელყოფა არ შეიძლება, რამეთუ ამით დავაზიანებთ დემოკრატიულ წყობას, რომელსაც უკანასკნელი 30 წელია ასე სათუთად ვაშენებთ და, რომლისთვისაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ. არ არსებობს დახურული საკითხი. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მზად ვართ, მოვისმინოთ კითხვები, საგნობრივად გავიაროთ ამა თუ იმ მიმართულებით ნებისმიერი ანგარიში თუ კითხვა, რომელიც შეიძლება, საზოგადოებას, მედიას, არასამთავრობო სექტორს თუ სხვა დაინტერესებულ პირს აწუხებდეს“, – განაცხადა ლომინაძემ.

კომპანია „ენკას“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კონსენსუსის მიღწევის მოლოდინი აქვს.

„ვთვლი, რომ ჩვენ მივაღწევთ ერთიან კონსენსუსს და შეთანხმებულად ავაშენებთ და განვახორციელებთ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ტოლი არ ჰქონია; რომელიც განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და იქნება ფუნდამენტი და პირველი ნაბიჯი სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ლომინაძემ.