მერაბ ლომინაძე - „ჯორჯიან მანგანეზი" თანახმაა, მაღაროელთა ხელფასი ეტაპობრივად გაზარდოს, თუ საწარმოო პროცესი აღდგება
მერაბ ლომინაძე - „ჯორჯიან მანგანეზი" თანახმაა, მაღაროელთა ხელფასი ეტაპობრივად გაზარდოს, თუ საწარმოო პროცესი აღდგება

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” თანახმაა, ხელფასის მატება ეტაპობრივად განახორციელოს, მხოლოდ ერთი პირობით – საწარმოო პროცესი უნდა აღდგეს, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სამი ათასამდე გაფიცული თანამშრომლის ოთხი მოთხოვნიდან კომპანიამ სამი შეასრულა.

„ოთხი მოთხოვნიდან პრაქტიკულად სამი შესრულებულია. ეს არის კვება, ასევე, დაზღვევასთან მიმართებით სხვადასხვა ჰოსპიტალში დამატებით მომსახურების მიღება; ამის ტექნიკური საშუალება არსებობს და არ შეიზღუდებიან ჩვენი თანამშრომლები. ასევე პრაქტიკულად მოგვარებულია ქალაქში მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვის საკითხი. ესეც უკვე ქალაქის მუნიციპალიტეტთან დავარეგულირეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქში მოძრაობის მოწესრიგება არ არის კომპანიის ფუნქცია. რჩება ხელფასის 50 პროცენტიანი მატების მოთხოვნა. გვაქვს წინადადება, რომ ეს ზრდა მოხდეს ეტაპობრივად და ეს საკითხი შეჯერდეს ჩვენსავე თანამშრომლებთან. არის ერთი გარემოება, რაც ცალსახად უნდა დაკმაყოფილდეს – სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს“, – განცხადა ლომინაძემ.

მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს. ზოგიერთმა გაფიცულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

გაფიცულებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ: ხელფასის 50 პროცენტიანი ზრდა, კვების პირობების გაუმჯობესება, დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების ქალაქში სიარულის აკრძალვა.

როგორც გადაცემა „ბიზნეს პარტნიორის“ მსვლელობისას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა არის ხელფასის ზრდა და გაფიცვის დასრულების შემდეგ მაღაროელების მიმართ ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა.