მერაბ კოკოჩაშვილი - ქართველმა ხალხმა ამ ოთხი დღის განმავლობაში გამოავლინა ყველაფერი, რაც ქრისტიანულ საფუძვლებთან არის დაკავშირებული, ეს უნდა გაიგოს ყველამ, მათ შორის გარკვეულმა უცხოურმა ძალებმაც
საოცარი დღეები იყო, საზოგადოებამ საოცარი ეროვნული სიყვარულის შეგრძნება დაბადა და მიჩნდება სრული რწმენა, რომ ეს მხოლოდ სამძიმარი არ არის, ის რაღაც ახალს, ძალიან ძლიერს, განსხვავებულს, სიკეთითა და სიყვარულით სავსეს შობს, – ამის შესახებ რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის სპეციალურ ეთერში „პატრიარქის საქართველო“ განაცხადა.
მისივე თქმით, უწმინდესმა და უნეტარესმა დატოვა ისეთი რამ, რაც შეუძლებელია, ყოველმხრივ არ განხორციელდეს.
„სიკეთის, ურთიერთგაგების, ურთიერთპატიების, ურთიერთსიყვარულისა და ეროვნულობის მომენტი იმდენად ძლიერია, ეს ყველაფერი ჩვენმა საზოგადოებამ ისე გააკეთა, ამას უნდა მოჰყვეს პირდაპირი რეაქცია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ავირჩიეთ ხელმძღვანელობად, ასევე მათგან, ვინც ოპოზიციაშია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, დაპირისპირების ნაცვლად, ურთიერთობა უნდა გადავიდეს ინტელექტუალურ და სულიერ დონეზე“, – განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.
როგორც მერაბ კოკოჩაშვილმა აღნიშნა, მეორე მხრივ, ქართველმა ხალხმა ამ ოთხი დღის განმავლობაში გამოავლინა, რას ნიშნავს მისთვის სიყვარული, პატივისცემა და სიკეთე ერთმანეთის მიმართ; გამოავლინა ყველაფერი ის, რაც ქრისტიანულ საფუძვლებთან არის დაკავშირებული და რაზეც ხალხი გაიზარდა.
„ამას არა მხოლოდ ჩვენ ვხედავთ, არამედ ხედავს ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც ეს უნდა დაინახონ. ის დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულ უცხოურ ძალებს საქართველოს მიმართ აქვთ, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერზე მივდივართ. პატრიარქის გარდაცვალებამ მათაც უნდა გააგებინოს, ვინ ვართ ჩვენ, რა გვიყვარს და რა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. ეს ყველაფერი ჩვენ დავინახეთ ამ ოთხი დღის განმავლობაში იმით, რაც ქართველმა ხალხმა აჩვენა და უღრმესი მადლობა ამისთვის უწმინდესს“, – აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა.