მერაბ კოკოჩაშვილი - ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი არჩევნები
მერაბ კოკოჩაშვილი - ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი არჩევნები

ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი არჩევნები, – განაცხადა კინორეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„სამართლიანი არჩევნებისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ამ ნაბიჯის გადადგმაში თვითონაც მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელი კიდევ უფრო წინსვლის პერიოდი იქნება“, – განაცხადა კოკოჩაშვილმა.

როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი საფუძველი ისაა, რომ ადამიანებმა, თუნდაც მოწინააღმდეგეებმა, ერთმანეთს გაუგონ.

„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ესე იგი, პატივი ეცი მოყვასს, თუნდაც, ის მტერი იყოს, მოუსმინე. უკეთესი არ არის, თუნდაც დაპირისპირებულ დიალოგში და წინააღმდეგობაში უფრო სწორ დასკვნამდე მიხვიდე?!  არ შეიძლება, ერთმანეთს ბოქლომები ჩამოუკიდო. ამით არაფერი გამოვა. არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ კეტით დაპირისპირება და რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღება. მით უმეტეს, პატარა ქვეყანაში, რომელიც უკვე მისულია იქამდე, რომ თუ სამართლიანად ავირჩევთ იმათ, ვინც გვჭირდება, გაცილებით უკეთეს შედეგებს მივიღებთ“, – განაცხადა კოკოჩაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა დათმოს თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გავლენის ნაწილი იმისთვის, რათა ორპოლუსიანი სისტემა დაინგრეს, მერაბ კოკოჩაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თავის გავლენას მუდმივად თმობს.

„მე ვხედავ, რომ ის ამას სულ აკეთებს. ახლა, ახალი საარჩევნო სისტემა უკვე პირველი ნაბიჯი იყო ამ თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ხედავს, რომ წინსვლა არის“, – განაცხადა კოკოჩაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ აუცილებლად მოხდება ახალი ძალების შემოსვლა.

„ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ამას თვითონ „ქართული ოცნებაც“ ხედავს, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია. რა ძალები იქნება, ჯერჯერობით, ძალიან მიჭირს ამის თქმა. ამას სჭირდება დრო და თაობის მოსვლა, რომელიც კიდევ უფრო თავისუფლად, საინტერესოდ და კანონიერად იფიქრებს. შევარდნაძის დროს ერთი კანონი იყო, რომელიც ერთპიროვნულ მმართველობაზე იყო აგებული, შემდეგ კი, სააკაშვილის დროს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა, ეს კანონი გაცილებით უფრო დემოკრატიულია. მით უმეტეს, საარჩევნო კანონი, რომელიც ვხედავთ, რომ უკეთესობისკენ წავიდა“, – განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.