მერაბ კოკოჩაშვილი - განათლებასა და კულტურას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაშია
მერაბ კოკოჩაშვილი - განათლებასა და კულტურას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაშია

განათლებას და კულტურას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა კორონავირუსის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„კულტურის და განათლების გარეშე შეუძლებელია, პოლიტიკა მაღალი კულტურის იყოს. იგივე შემიძლია, გითხრათ იმაზე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად სჭირდება კულტურის ძალიან მაღალი დონე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვკარგეთ. მეცნიერებისა და განათლების მიმართ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა და ბიუჯეტი გაუზარდა, მაგრამ ასეთივე პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება“, – განაცხადა კოკოჩაშვილმა.

მისი თქმით, კინოხელოვნებაზე ისეთი მიზერული თანხები იხარჯება, რომ ნელ-ნელა, ტექნოლოგიურადაც უკან ვრჩებით და სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით. 

„კინოზე კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულმა კინოცენტრმა ბიუჯეტის 75% უნდა გადაგიხადოს, 25% კი პროდიუსერმა უნდა მონახოს. ამჯერად, ჩვენს ფილმზე, რომელსაც აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით ვიღებთ, მოცემულია არა 75%, არამედ 30% იმ თანხისა, რაც ფილმს სჭირდება, დანარჩენი კი ჩვენ უნდა გვეშოვა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი დაანგრია. უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც გვყავდა, უარი თქვეს დაფინანსებაზე. თქვეს, რომ ფული აღარ აქვთ. მე მოვახერხე და ფილმის ერთი მეოთხედი გადავიღე. ჩვენი სცენარი გავუგზავნეთ ერთ-ერთ ძალიან ძლიერ საერთაშორისო ფირმას, რომელმაც მოგვწერა, რომ თქვენთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, ოღონდ ფილმის გადაღება დაწყებული გაქვთ, ეს გადაღება მონტაჟის პერიოდამდე მიიყვანეთ და დანარჩენს ჩვენ თავზე ვიღებთ, დისტრიბუციასაც და გაქირავებასაცო, მაგრამ აქ პარტნიორს ვერ ვპოულობთ“, – განაცხადა კოკოჩაშვილმა.

მისი თქმით, თუ საქართველოში კულტურის ამაღლება გვინდა, კინოზე ინტეგრირებული ხელოვნება არ არსებობს და კინოზე მეტი უნდა დაიხარჯოს.

„არის ბევრი ქვეყანა, რომელიც ასე მუშაობს და სახელმწიფო მაქსიმუმს იღებს თავის თავზე. ასეა ფინეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ნაწილობრივ – ბელგიაც. თუ კინო იგივე ტექნოლოგიური ხარისხის იქნება, როგორც უცხოური ფილმები და სერიალებია, ქართული კინო იმუშავებს საზოგადოებასთან. საზოგადოებასთან კულტურის მუშაობის გარეშე ვერ აიწევს ჩვენი კულტურა. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციონ კულტურას, ხელოვნებას და კერძოდ, კინოხელოვნებას“, – განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმა.