მერაბ ხალვაში - ვიტოვებ უფლებას, უკრაინის პრეზიდენტს მოვთხოვო პასუხი უგუნურ განკარგულებაზე, რასაც მოაწერა ხელი
მერაბ ხალვაში - ვიტოვებ უფლებას, უკრაინის პრეზიდენტს მოვთხოვო პასუხი უგუნურ განკარგულებაზე, რასაც მოაწერა ხელი

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში იმედოვნებს, რომ უკრაინის მიერ შემუშავებულ შავ სიაში მისი შეყვანა გაუგებრობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტოვებს უფლებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს სათანადო პასუხი მოსთხოვოს მის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაზე.

მერაბ ხალვაშის თქმით, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებებში გაიგზავნება.

„არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიმიღია, ეს ამბავი გავიგე მედიიდან. ვიტოვებ იმედს, რომ ეს იყო აბსოლუტური გაუგებრობა. უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი, რომელსაც გავგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვგეგმავთ წერილის გაგზავნას უკრაინაში, საქართველოს საელჩოშიც და ასევე გადავწყვიტე, წერილი გავუგზავნო ყველა იმ უკრაინული უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც  ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ჩვენს უნივერსიტეტთან. ასეთი სულ 27 უნივერსიტეტია. ერთადერთი, რა ვერსიაც მაქვს, მდგომარეობს იმაში, რომ 2017 წელს ქერსონისის მუზეუმიდან მივიღე მოწვევა, რომ სევასტოპოლში იმართებოდა სამეცნიერო კონფერენცია ქერსონისის ანტიკური პერიოდის შესახებ. მე, როგორც ამ პერიოდის მკვლევარს, მქონდა მიწვევა კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მას შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის ანტიკოსთა ასოციაცია, უარი ვთქვი და არათუ ჩავედი, მოხსენებაც არ გამიგზავნია. არ ვიცი, ეს არის თუ არა მიზეზი. სხვა შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოვთხოვო სათანადო პასუხი იმ უგუნურებასთან დაკავშირებით, რა განკარგულებასაც მოაწერა ხელი”,-აცხადებს მერაბ ხალვაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა. „შავ სიაში“ 800-ზე მეტი პირია შეყვანილი. პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანდართულ სიაში არის საქართველოს ორი მოქალაქე, მერაბ ხალვაში და მირანდა თურმანიძე.