მერაბ გაბინაშვილი - თამარ ალანიას გამამხნევებელი მესიჯი მივწერე, მაგრამ ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავ
მერაბ გაბინაშვილი - თამარ ალანიას გამამხნევებელი მესიჯი მივწერე, მაგრამ ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ადასტურებს, რომ მის კოლეგას, თამარ ალანიას მოსამართლეობის კონკურსზე გასაუბრების დროს გამამხნევებელი მესიჯი მისწერა.

გაბინაშვილის თქმით, ის საკუთარ ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

„როგორც მითხრეს, მედიაში თქვეს, რომ მივწერე თამარ ალანიას ტელეფონზე: „დაღლილობა არ შეგეტყოს“. აშშ-ში, როცა ასეთი გასაუბრება ხდება, ოჯახის წევრები მიდიან და ამხნევებენ კანდიდატს. მე ამაში ნეგატივს ვხედავ იმაში, რომ სხვის პირად ინფორმაციას იპარავენ“, – განაცხადა გაბინაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ მას ჰკითხა, რამდენად სწორია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს, მოსამართლემ ბრალდებულს დააკისროს ელექტრონული სამაჯურის ტარება, როგორც ეს ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა.

„რადგანაც შეზღუდვები კანონმდებლობამ დააწესა, ეს შეზღუდვები კანონიერია. ბრალდებულის სტატუსის მქონე ადამიანს კანონმა განუსაზღვრა, რომ მის მიმართ მოსამართლემ გამოიყენოს შეზღუდვის საშუალება. გირაო არის აღკვეთის ღონისძიება. შეზღუდვა არ არის აღკვეთის ღონისძიება“, – განაცხადა საპასუხოდ გაბინაშვილმა.

იურიდიულ კომიტეტზე გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას მოუსმინეს. ალანიას მოსმენა ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.