მერაბ დვალიშვილი - აქტიურობა პირველივე წუთიდან, უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე ექვსი დღე რჩება
მერაბ დვალიშვილი - აქტიურობა პირველივე წუთიდან, უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე ექვსი დღე რჩება

15 აგვისტოს ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიული „ქარდი“ გაიმართება. ძირითადი ბრძოლა მძიმე წონითი კატეგორიის ტიტულისთვის შედგება. ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი დენიელ კორმიეს მესამედ დაუპირისპირდება. ქართველი გულშემატკივრებისთვის აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. UFC 252-ის მთავარ „ქარდში“ იბრძოლებს ქართველი მერაბ დვალიშვილი. მისი მეტოქე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) რეიტინგის მე-12 მებრძოლი, გამოცდილი ჯონ დოდსონი იქნება. მერაბს ზედიზედ 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული და იმ შემთხვევაში თუ დოდსონს მოუგებს, დიდი ალბათობით, რეიტინგში მე-12 პოზიციაზე დაწინაურდება და სატიტულე ბრძოლის ერთ-ერთ კანდიდატად იქცევა.

ბრძოლამდე 6 დღით ადრე მერაბს ნიუ იორკში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

 

– ბრძოლამდე რამდენიმე დღე რჩება. ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია. როგორ გრძნობ თავს, როგორ ფორმაში ხარ ?

– ბრძოლამდე 6 დღე რჩება და მოუთმენლად ველი შაბათს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ამერიკაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა და შეზღუდვები კვლავ ძალაშია, ვფიქრობ, რომ დოდსონთან ბრძოლისთვის ძალიან კარგად მოვემზადე. დარბაზში მხოლოდ რამდენიმე სპარინგპარტნიორთან ერთად ვახერხებდი ვარჯიშს. მიუხედავად ამისა, მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და გამარჯვების მოსაპოვებლად ოქტაგონზე ყველაფერს დავდებ.

– როგორც ამბობ, მხოლოდ რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ახერხებდი სპარინგების გამართვას. თუ შეგიძლია გვითხრა კონკრეტულად ვისთან ერთად ემზადებოდი და რამე განსხვავებული ხომ არ გაქვს მომზადებული დოდსონისთვის?

– როგორც გითხარით, რეგულაციების გამო მხოლოდ რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ვახერხებდი დარბაზში შესვლას. მოსამზადებელი ეტაპის დროს სპარინგები ძირითადად მემარცხენე დგომის მქონე მებრძოლებთან მქონდა, რადგან თავად დოდსონი ცაციაა. ფუმინკუტა, დენის ბუზუკია, ჯეიმს გონსალესი – ძირითადად ამ ბიჭებთან ერთად გავიარე მოსამზადებელი ეტაპი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ოქტაგონზე  პირველივე წუთიდან აქტიურობას და დომინაციას ვგეგმავ. რა თქმა უნდა, კარგად მაქვს გააზრებული, რომ დოდსონი ძალიან გამოცდილია და შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს.

– პარასკევს აწონვაზე 61 კგ უნდა დააფიქსირო. ამჟამად რამდენ კგ-ს იწონი და დიდი ძალისხმევა ხომ არ დაგჭირდება წონის დასაკლებად?

– წონის კლება სასიამოვნო პროცესი არ არის, ეს ყველა მებრძოლისთვის ერთნაირად დამქანცველია, თუმცა მე არასოდეს მქონია პრობლემა ამ საკითხთან მიმართებაში. ყოველთვის გეგმის მიხედვით, უპრობლემოდ ვიკლებ და ვაფიქსირებ საჭირო წონას. ამჟამად 71 კგ-ს ვიწონი, ანუ პარასკევამდე 10 კგ მაქვს დასაკლები, თუმცა კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის.

– როდის გაემგზავრები ლას ვეგასში და ვინ იქნება ბრძოლის დროს შენს კუთხეში ?

– ნიუ იორკში მოსამზადებელი ეტაპი დავასრულე და ახლა უკვე ლას ვეგასში მივემგზავრები. ჩემს კუთხეში იქნებიან ჩემი მწვრთნელები რეი ლონგი, მეტ სერა და ასევე ალჯამეინ სტერლინგი.