მერაბ დვალიშვილი - 15 აგვისტოს „ტოპ 15“-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს დავუპირისპირდები
აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი (Bantamweight) წონის საუკეთესო თხუთმეტეულში გუშინ შევიდა. საქართველოს პირველი არხი მას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
როგორც იქნა, საუკეთესო თხუთმეტეულში დაიმკვიდრე ადგილი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შენთვის და რამდენად დაგეხმარება ეს პოზიცია, რომ სატიტულო ბრძოლამდე მიხვიდე?
რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როდესაც შერეული საბრძოლო სახეობების (ММА) სამყარო და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) ასე დაგაფასებს. ეს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სტიმულია. ეს რეიტინგი უნდა გავიუმჯობესო ნაბიჯ-ნაბიჯ, პირველი ნომერი გავხდე და შემდეგ ტიტულის დროც მოვა.
უფრო და უფრო რეალური ხდება სცენარი, რომ შეიძლება ალჯამაინ სტერლინგთან (მერაბის თანაგუნდელი) მოგიწიოს დაპირისპირება. გამართავთ ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ?
„ალჯოსთან“ (სტერლინგის ზედმეტსახელი) ბრძოლა მხოლოდ საჩემპიონო ქამარისთვის თუ მომიწევს, მაგრამ ამას არ ვაპირებ. დიდი ალბათობით, წონას შევიცვლი და უფრო დაბალ წონაში ჩავალ.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
15 აგვისტოს მექნება მომდევნო ბრძოლა, რომელშიც „ტოპ 15“-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს დავუპირისპირდები. ყველაფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეულია. ახლა მხოლოდ მოწინააღმდეგის ხელის მოწერას ველოდები და მის ვინაობას ყველანი ძალიან მალე გაიგებთ.
შეგახსენებთ, რომ მერაბმა ბოლო ბრძოლა 13 ივნისს გამართა და გუსტავო ლოპეზი მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით დაამარცხა.