მერაბ ჟორდანია - აბრამოვიჩთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და „ჩელსის“ მოთამაშეებს ვიწვევდით
მერაბ ჟორდანია - აბრამოვიჩთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და „ჩელსის“ მოთამაშეებს ვიწვევდით

არნემის „ვიტესის“ მთავარ მწვრთნელად ლეონიდ სლუცკი დაინიშნა. გუნდს, რომლის კაპიტანიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშიაა, რუსი სპეციალისტი ზაფხულიდან გაწვრთნის.

46 წლის სლუცკის დანიშვნაზე გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ ინტერვიუ მერაბ ჟორდანიას ჩამოართვა, რომელიც ასე წარადგინა – რომან აბრამოვიჩის მეგობარი და „ვიტესის“ ყოფილი მფლობელი. თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი „ვიტესს“ 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა.

ჟორდანიამ ინტერვიუში ​სლუცკიზე, „ჩელსისა“ და რომან აბრამოვიჩზე ილაპარაკა. ცნობილია, რომ „ვიტესს“ ლონდონის „ჩელსისთან“ მჭიდრო კავშირი აქვს. ამავე დროს, სლუცკის რომან აბრამოვიჩს კარგად იცნობს. ჟორდანია ვარაუდობს, რომ სლუცკი ახალ „ვიტესში“ შემთხვევით არ გადასულა.

„სლუცკის დანიშვნა „ვიტესში“ მეც მსურდა, მაგრამ ვერ მოვასწარი. მისი მოწვევა ნიშნავს, რომ გუნდი ძველ ამბიციებს დაიბრუნებს. არ გაგიკვირდეთ, თუ მომდევნო სეზონში კლუბი პირველ ადგილებისთვის იბრძოლებს.

როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, „ვიტესში“ „ჩელსის“ ინტერესები ნამდვილად იყო – რომანთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და ამის გამო „ჩელსის“ მოთამაშეებს ვიწვევდით.

რაც შეეხება ჩემ მიერ ადრე ნათქვამ ფრაზას, თითქოს „ვიტესი“ აბრამოვიჩის ფულით არსებობდა, ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა ჩემი სიტყვები დაამახინჯეს, ასეთი რამ არ მითქვამს“ – ამბობს ჟორდანია.