მერაბ ჭიქაშვილი – როგორია, რომ უყურებ, როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას და როგორ სცემეს პოლიციელს, რომელიც მას გადაეფარა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მსახიობმა მერაბ ჭიქაშვილმა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მოვლენები გაიხსენა და იმჟამინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, გიორგი გეგეჭკორის მიერ მისი დაკავებისა და ცემის შესახებ ისაუბრა.
ამასთან, როგორც მერაბ ჭიქაშვილმა აღნიშნა, მის თვალწინ სცემეს ჟურნალისტი გოგონას, შემდეგ კი იმ პოლიციელს, რომელმაც ჟურნალისტი დაიცვა.
„ვუთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს-მეთქი. მოდიან ადამიანები ნიღბებით, ჩემს თავს აძლევს და ეუბნება, შეათრიეთ სააპელაციოს ეზოში და თავში არ დაარტყათ, ბიჭო. სააპელაციოს ეზოში ბორდიურზე უკვე რამდენიმე ადამიანი იყო, სცემდნენ, და იქით წაიყვანეო. ამ წაყვანა-წაყვანაში რიგითობით პირველი დამსვეს, ამათ მომაშორეს და რომ მეგონა, თავში არ დამარტყამენ, ნიღბიანებმა ხუთივემ წიხლებით დამიწყო ცემა, პირიქით, თავში უფრო მირტყამდნენ. მირტყამენ, ვითიშები, აზრზე მოვდივარ, გვერდზე ჩემს მეგობრებს ვხედავ და ვცდილობ, ესენი არ ჩაერთონ, რადგან წამოდგა ერთი ბიჭი დასახმარებლად, სასულიერო პირია დღეს და მასაც სცემეს. მინდოდა, ეს არ მომხდარიყო, რადგან მქონდა და მაქვს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ. როგორია, რომ უყურებ, როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც, იციან, რომ ჟურნალისტია და როგორც სცემეს შემდეგ იმ პოლიციელს, ვინც ამ ჟურნალისტ გოგონას გადაეფარა, რომ შეიყვანა ე.წ. ჯიხურში? სცემეს პოლიციელს – ბიჭო, რას აკეთებ შენ?! რას აკეთებ, დაიცავი გოგო?! და ეს გოგონა არის ანა გოჩაშვილი, რომელსაც მინდა, მადლობა ვუთხრა, რომ მაშინ იყო ჩვენთან ერთად და აშუქებდა“, – განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.
მერაბ ჭიქაშვილი ამბობს, რომ გიორგი გეგეჭკორი ყველა აქციაზე აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდა.
„ხოცვა-ჟლეტა როცა დაიწო, მე პირადად დამაკავა გეგეჭკორმა. გეგეჭკორის სახელი აქ მხოლოდ ერთხელ იქნა ნახსენები. გიორგი გეგეჭკორი თბილისის პოლიციის შეფი იყო, კაცი, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა ყველა აქციაზე. აქციის დროს გვცემდა, თავში გვირტყამდა და გვეუბნებოდა, რუსეთის აგენტები ხართო, შემდეგ გავიგეთ – და პროკურატურასაც მივეცი ინფორმაცია მასზე და ჩემს დაკავებასთან მიმართებით – რომ სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა. თურმე მეუღლე იქ ცხოვრობს. ჩვენ გვცემდნენ, რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ“, – აღნიშნა მერაბ ჭიქაშვილმა.