მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე ბრალდებულ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

ბესელიას ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროცესზე თავად ბრალდებულიც ჩაერთო დისტანციურად. როგორც მერაბ ბესელიამ განაცხადა, მან ემოციურ ფონზე იატაკს ესროლა და ფეხში სროლის განზრახვა არ ჰქონია.

„არ მისვრია მისთვის დასაჭრელად, ვისროლე იატაკზე. იმას, რომ მე საშიში ვიქნები თავისუფლებაზე, არ ვეთანხმები. ჩავბარდი თვითონ. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი“, – განაცხადა ბრალდებულმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.