მექსიკაში ვიზიტისას ამერიკის დელეგაციას ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებს
მექსიკაში ვიზიტისას ამერიკის დელეგაციას ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებს

გიგანტური კედელი მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე და სავაჭრო ურთიერთობები ვაშინგტონსა და მეხიკოს შორის, – ეს იქნება საუბრის მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასა და მექსიკის მთავრობას შორის.

მეხიკოში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ ამერიკის დელეგაციას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებს. დელეგაციის დანარჩენი წევრები სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ინფორმაცია ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-ს თეთრ სახლში უკვე დაუდასტურეს. ვიზიტი მეხიკოსი მექსიკის პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლის შემდეგ დაიგეგმა. ენრიკე პენა ნიეტო ვაშინგტონში ორი კვირის წინ უნდა ჩასულიყო, თუმცა პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მან ვიზიტი თეთრ სახლში გააუქმა.

წინასწარი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა მექსიკიდან აშშ-ის მიმართულებით საემიგრაციო ნაკადის შეჩერება, კედლის მშენებლობა და ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა (NAFTA ) იქნება. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სავაჭრო შეთანხმება ჩრდილოეთ ამერიკის სამ დიდ სახელმწიფოს შორის უნდა გადაიხედოს. კუშნერის მექსიკაში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ NAFTA ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წამგებიანია.

„ჩვენ გვაქვს დიდი სავაჭრო დეფიციტი კანადასთან და მექსიკასთან, და ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა აშშ-ისთვის ცუდად მუშაობს, წამგებიანია, რადგან ჩვენ ამით ვკარგავთ სამუშაო ადგილებს და ვაზარალებთ კომპანიებს“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა Twitter-ში ასევე დაწერა, რომ ნარკოტიკული საშუალებები აშშ-ში სწორედ მექსიკიდან შედის, რის შესაჩერებლადაც მექსიკის მთავრობა არავითარ ზომებს არ იღებს.