მექსიკაში, ღამის კლუბში სროლის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა
მექსიკაში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, გუანახუატოს შტატში მოხდა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, გამთენიისას შემთხვევის ადგილზე სამი ფურგონიანი ავტომობილით უცნობი შეიარაღებული პირები მივიდნენ, ღამის კლუბ „ლა პაიაში“ შეიჭრნენ და იქ მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
გუანახუატოს შტატის პროკურატურის განმარტებით, 13 დაჭრილი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენი ორი კი სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ჯერ უცნობია, ვინ და რა მიზნით განახორციელა თავდასხმა ღამის კლუბზე.
უკვე ერთი კვირაა, გუანახუატოს შტატში არეულობაა. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ნავთობმომპოვებელი საწარმოდან დიდი რაოდენობით ნავთობი მოიპარა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს აბრადორმა დაჯგუფების ლიდერის, ხოსე ანტონიო ერეზის, იგივე „ელ მაროს“ დასაკავებლად შტატში მასშტაბური ოპერაციის დაწყების განკარგულება გასცა.