მექსიკაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე ჟურნალისტი მოკლეს. ლურდეს მალდონადო აშშ-ის საზღვართან მდებარე ქალაქ ტიხუანაში, საკუთარ მანქანაში მოკლეს. ინფორმაციას, მექსიკის პროკურატურაზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მომხდარი მკვლელობის შესახებ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ მექსიკის პრეზიდენტმა, მანუელ ლოპეს ობრადორმა სრულყოფილი გამოძიების პირობა დადო.
2019 წელს ლურდეს მალდონადომ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ ლოპეს ობრადორს მიმართა და დახმარება სთხოვა, რადგან მიაჩნდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. „როიტერის“ ცნობით, მალდონადო ჟურნალისტთა დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაწილე იყო.
უფლებადამცველების მონაცემებით, მექსიკაში 2000-2021 წლებში 145 ჟურნალისტი მოკლეს.
მალდონადო მიმდინარე წლის დასაწყისიდან მექსიკაში მესამე მოკლული ჟურნალისტია. გასულ კვირას ტიხუანაში საკუთარ სახლთან ფოტოჟურნალისტი მარგარიტო როდრიგესი მოკლეს.