მექსიკაში აღმოაჩინეს აცტეკებზე ადრეული კულტურის სამსხვერპლო და მსხვერპლშეწირვის ნიშნები — #1tvმეცნიერება

14:11, 20.07.2026

მექსიკაში, იქ, სადად ახალმა რკინიგზამ უნდა გაიაროს, მიწიდან შემზარავი მონუმენტი გამოჩნდა.

რკინიგზის მშენებლობის დაწყებამდე არქეოლოგები სამძებრო სამუშაოებს ატარტებდნენ, როცა ზედაპირიდან სულ რამდენიმე მეტრის სიღრმეში მომოცტლი აღმოაჩინეს — სახელი ადგილობრივი ნაუატლის ენაზე, რაც ნიშნავს პატარა რიტუალურ სამსხვერპლოს, სადაც ხალხი შესაწირავს ტოვებდა.

თუმცა, ეს კონკრეტული სამსხვრეპლო ტოლტეკების ყოფილ დედაქალაქ ტულაში იპოვეს და ნაუატლის ენაზე მას ტოლანი ეწოდება. თარიღდება ახ. წ. 950-1100 წლებით და არქეოლოგებს საოცარ სიურპრიზს უმზადებდა.

ტულა ყვაოდა სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უმნიშვნელოვანეს ქალაქ ტეოტიუაკანის დასუსტების შემდეგ, აცტეკების იმპერიის აღზევებამდე.

ქალაქი ტოლტეკების ცივილიზაციის გული გახდა, რომელთა არქიტექტურა, რელიგია და ხელოვნების ტრადიციები გავლენას ახდენდა შემდეგ კულტურებზე ცენტრალურ მექსიკაში. საუკუნეების შემდეგ, როცა იქ აცტეკები მოვიდნენ, მათ დააფასეს ტოლტეკები, როგორც ლეგენდარული მშენებლები და ხელოსნები.

ობსიდიანის დანებისა და კერამიკის ჭურჭლის გარდა, არქეოლოგთა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა ადამიანის სხეულის ნაშთები.

გათხრების გაგრძელებასთან ერთად, აღმოჩენის მასშტაბი სულ უფრო აშკარა გახდა. სამსხვერპლოს გარშემო ოთხი თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ მიბმული იყო კისრის რამდენიმე მალაზე; ამან არქეოლოგთა ჯგუფი წაახალისა შეესწავლა, იყო თუ არა ეს ინდივიდი მსხვერპლად შეწირული (თავის მოკვეთით).

თუკი თავი ტანს დაკრძალვის შემდეგ ბუნებრივად გამოეყო, ეს მხოლოდ იმის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც გაიხრწნებოდა ის რბილი ქსოვილები, რომლებიც მას კისერთან აბამს. ამის ნაცვლად, ისე ჩანდა, რომ თავის ქალა მაშინ იყო მოცილებული, როცა ეს რბილი ქსოვილები ჯერ ისევ ხელუხლებელი იყო, რაც მიუთითებს, რომ ის სხეულისგან მიზანმიმართულად იყო მოკვეთილი.

თუმცა, ეს შეიძლება სულაც არ იყოს ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს კედლები და იატაკი, რაც მიუთითებს, რომ სამსხვერპლო ერთ დროს ეზოს ცენტრში იდგა, ალბათ ელიტური საცხოვრებელი ან ადმინისტრაციული კომპლექსის შიგნით.

„გვჯერა, რომ ისინი ელიტური კონტექსტის ან მაღალი რანგის ჯგუფის ოთახები ან ნაწილი იყო, ნაშთები სასახლისა, რომელიც შეიძლება ამ ადგილას იდგა. ცნობილია, რომ ტულას გარეუბნებში მაღალი და საშუალო კლასის კვარტლები იყო, მათგან გაცილებით შორს კი ჩვეულებრივი ხალხის“, — ამბობს მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) არქეოლოგი ვიქტორ ფრანსისკო ერედია ჟილენი.

თავად სამსხვერპლოს დიამეტრი დაახლოებით ერთი მეტრია და შედგება ქვის სამი ფენისგან — საძირკველი, კარიერში მოპოვებული ქვისგან, სავარაუდოდ ანდეზიტისგანაა აშენებული; იმავე ქვისგან გამოკვეთილი მოდულური ბლოკების შუა ფენა; და მდინარის ქვებისა და ბაზალტის ზედა ფენა.

ორი თავის ქალა სამსხვერპლოს საძირკველთან აღმოაჩინეს, ერთი ზემოთ იყურებოდა, მეორე კი სამხრეთ-დასავლეთით. დანარჩენი ორი თავის ქალა და სხვა არტეფაქტები საკურთხევლის წინ, თაბაშირის დატკეპნილი ფენის ქვეშ იპოვეს.

მკვლევართა განცხადებით, ნაშთები შეიძლება წარმოადგენდეს რიტუალურ მსხვერპლშეწირვას და ამის ზუსტად დასადგენად, ძვლებს კიდევ შეისწავლიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ლითონებზე უკვე მუშაობდნენ პოსტკლასიკურ პერიოდში, ვიცით, რომ აქ თავის მოკვეთა ჯერ კიდევ ობსიდიანის ან კაჟის დანებით ხდებოდა, რაც ძვალზე სხვანაირ ჭრილობებს ტოვებდა“, — ამბობს ერედია ჟილენი.

მომოცტლი პატარა საცერემონიო სამსხვერპლო იყო, სადაც ღვთაებებსა და წინაპრებს ძღვენს წირავდნენ. მათ გარშემო არქეოლოგები ძირითადად პოულობენ კერამიკას, ობსიდიანის დანებს და სხვა სარიტუალო ნივთებს, ასევე ადამიანთა სხეულის ნაშთებს.

აღმოჩენა გაკეთდა არქეოლოგიური გათხრებისას, რომლებიც ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყებამდე მიმდინარეობდა იმ ადგილებში, სადაც მეხიკო-კერეტაროს დამაკავშირებელმა ახალმა ლიანდაგმა უნდა გაიაროს. ასეთი გათხრების მიზანია შეისწავლონ, ამოიღონ და აღწერონ არქეოლოგიური ნაშთები იქამდე, ვიდრე მშენებლობა დაიწყება.

მომზადებულია inah.gob.mx-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი