მექსიკამ და შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ერთობლივი საფეხბურთო ლიგა შექმნან
მექსიკის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (Liga MX) კლუბების პრეზიდენტები ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგასთან (MLS) ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარებას არ გამორიცხავენ.
სანტოს ლაგუნას პრეზიდენტი ალეხანდრო ირარაგორი აცხადებს, რომ მექსიკურ ფეხბურთს ჩრდილოეთთან (აშშ) უფრო მეტი მსგავსება აქვს, ვიდრე სამხრეთთან.
„ჩვენ შეგვიძლია, რომ ძლიერი ერთობლივი ლიგა გვქონდეს, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს აზიის, ევროპის ან ნებისმიერ სხვა ლიგებს“, – ამბობს ირარაგორი.
მექსიკური ლიგის პრეზიდენტმა ენრიკე ბონილიამ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ჩრდილოამერიკული ლიგის შექმნა საკმაოდ რეალური და მომგებიანი შეიძლება იყოს, რაც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მემკვიდრეობად შეიძლება შეფასდეს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივ განაცხადს ამზადებენ.