მეოთხე კვარტალში ბიზნესის ნდობის ინდექსი გაიზარდა, ოპტიმიზმის კი შემცირდა
მეოთხე კვარტალში ბიზნესის ნდობის ინდექსი გაიზარდა, ოპტიმიზმის კი შემცირდა

მეოთხე კვარტალში ბიზნესის ნდობის ინდექსი გაიზარდა და 28.0 პუნქტი შეადგინა, რაც 1,2 პუნქტით მაღალია წინა კვარტალთან შედარებით.

თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევის თანახმად, შემცირებული მოლოდინების მიუხედავად, მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.

ამავე კვლევით, გაზრდილია ბიზნესის მდგომარეობის ინდექსი. როგორც კვლევაშია აღნიშნული მეოთხე კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის ზრდამ 17,2 პუნქტი შეადგინა.

„სხვა სექტორებთან შედარებით, ყველაზე დადებითად საკუთარი საქმიანობა მშენებლობის სექტორმა შეადგინა“, – ნათქვამია ISET-ის კვლევაში.

რაც შეეხება ბიზნესის ოპტიმიზმს, კვლევის მიხედვით, მესამე კვარტალთან შედარებით, 10,9 ერთეულით დაეცა, თუმცა 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით მაღალი დონე შეინარჩუნა.

ამავე კვლევით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შედარებით, დიდი ზომის ბიზნესების მოლოდინების ინდექსი უფრო მეტად შემცირდა, ასევე მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მაჩვენებელი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის შედარებით მეტად გაიზარდა.

„ გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად კვლავ მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს“, – ნათქვამია ISET-ის კვლევაში.

კვლევაში მონაწილეობა 31-მა დიდმა და 93-მა მცირე და საშუალო კომპანიამ მიიღო.