მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს ის 23 ოლქი მოუგო, სადაც პირველი ტურის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა
მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს ის 23 ოლქი მოუგო, სადაც პირველი ტურის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ის 23 ოლქი მოუგო, სადაც პირველი ტურის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

კახეთში – ლაგოდეხი, ყვარელი და ახმეტა ის სამი ოლქია, სადაც პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობდა, თუმცა მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. სურათი შეიცვალა გარდაბანსა და მცხეთაშიც, სადაც ასევე მეორე ტურის დროს გრიგოლ ვაშაძეს სალომე ზურაბიშვილმა აჯობა.

პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შიდა ქართლის ოთხივე ოლქი: კასპი, გორი, ქარელი, ხაშური მოიგო, თუმცა მეორე ტურში ის ყველგან დამარცხდა.

სურათი შეიცვალა იმერეთშიც, სადაც პირველი ტურის დროს 12 საარჩევნო ოლქიდან ექვსში – ზესტაფონში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მეორე ტურში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმერეთის ყველა ოლქში დამარცხდა.

პირველი ტურისგან განსხვავებით, გრიგოლ ვაშაძე ასევ დამარცხდა სამეგრელოს ექვს ოლქში – სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და ფოთი. ამ ოლქებში მეორე ტურში მას სალომე ზურაბიშვილმა აჯობა.

აჭარაში სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველი ტურის დროს მხოლოდ ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში მოიპოვა, ბათუმსა და ქობულეთში კი პირველობა გრიგოლ ვაშაძეს დაუთმო. მეორე ტურში გამარჯვება მან უკვე ბათუმსა და ქობულეთშიც შეძლო.

მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 71 ოლქი მოიგო, ორში კი გამარჯვება გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა.

პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 25 ოლქში ლიდერობდა, სალომე ზურაბიშვილი კი 48-ში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99.7 პროცენტი. აღნიშნული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 59.56 პროცენტით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.