მეორე თამაში „ლივერპულის“ ფორმით - მამარდაშვილი აზიურ ტურნეში გაემგზავრა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა მეორედ ითამაშა „ლივერპულში“, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრაში „სტოკ სიტი“ 5:0 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ალისონ ბეკერი ჯანმრთელადაა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ზედიზედ მეორედ კარში ქართველი მეკარე დააყენა და შესვენების შემდეგ, 59-ე წუთზე შეცვალა.
„წითლები“ ჩემპიონშიფის გუნდს სავარჯიშო ცენტრში დაუპირისპირდნენ. „ლივერპული“ სწრაფად დაწინაურდა – მე-20 წუთისთვის მასპინძლები უკვე 3:0-ს იგებდნენ. სამივე გოლი დარვინ ნუნიესმა გაიტანა, ხოლო შესვენებამდე რიო ნგუმოჰამ ანგარიში ოთხამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში ბოლო წუთებზე ფედერიკო კიეზამ დააფიქსირა.
„ლივერპული“ ამ მატჩის შემდეგ „ჯაპან აირლაინის“ ჩარტერული რეისით ჰონგ კონგში გაემგზავრა, სადაც „მილანსა“ და „იოკოჰამასთან“ საკონტროლო შეხვედრებს გამართავს. კლუბთან ერთად „ლივერპულის“ ლეგენდა კენი დალგლიში მოგზაურობს.