მეორე განახლებულმა „სუ-25“-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა [ვიდეო]

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეორე განახლებულმა „სუ-25“-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს. რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა თავდაცვის ძალების კუთვნილმა მეორე განახლებულმა „სუ-25“-მაც. თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირებისამებრ, პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის, „სუ-25“-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა, ხოლო მეორე საფრენი აპარატის გამოცდა დღეს მოხდა. გარემონტებული „სუ-25“-ების აფრენა სატესტო რეჟიმში ყოველ მომდევნო თვეს, ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით მოხდება“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

„სუ–25“ ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

„სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას.

სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის აეროდრომზე განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა დაესწრო. თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ავიაციის განვითარების მიზნით, 2020 წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს. ავიაციის პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან. პირადი შემადგენლობის მომზადება როგორც ადგილზე, ასევე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი