მოქალაქეთა ჯგუფი მეორე დღეა, საპროტესტო აქციას მართავს. მათ პარლამენტის შენობის მიმდებარედ რამდენიმე კარავი აქვთ გაშლილი.
აქციის მონაწილეებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტეს.
როგორც მათ განაცხადეს, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში პანდემიას ვერ მართავს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დავით ნებიერიძის თქმით, ისინი ყოველ დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ და შეეცდებიან, პრემიერ-მინისტრს დისკომფორტი შეუქმნან.
დავით ნებიერიძემ პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციაში წერილიც შეიტანა.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაა.
გარდა ამისა, ისინი ხელისუფლებას კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, შეზღუდვები დისკრიმინაციულია და მოქალაქეთა უფლებებს არღვევს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.