მენი პაკიაომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
მენი პაკიაომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ კრივიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ოჯახთან საუბრის შემდეგ მიიღო.

„ჩემი საკრივო კარიერა დასრულებულია. ეს სიმართლეა. კრივში დიდი ხანი ვიყავი და ჩემს ოჯახს მიაჩნია, რომ უკვე საკმარისია“, – ამბობს პაკიაო.

42 წლის მოკრივის ანგარიშზეა 62 მოგება (39 – ნოკაუტით) პროფესიულ რინგზე, რვა მარცხი და ორი ფრე.

თავისი ბოლო ბრძოლა მენიმ ამა წლის აგვისტოში ჩაატარა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო კუბელ იორდენის უგასთან.

უფრო ადრე, პაკიაომ გამოაცხადა, რომ მომავალ წელს აპირებს ფილიპინების პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 42 წლის მოკრივემ თავისი კანდიდატურის წამოყენება მმართველი პარტიის („ხალხის ძალა“) იმ ფრაქციის სახელმწიფო სხდომაზე დაადასტურა, რომელსაც თავად პაკიაო უდგას სათავეში.

„თამამად ვიღებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოწვევას. ჩვენ გვჭირდება პროგრესი, უნდა დავამარცხოთ სიღარიბე. მთავრობა პატიოსნად და გამჭვირვალედ უნდა ემსახუროს ჩვენს ხალხს. დრო მოვიდა. მზად ვარ ვიტვირთო ლიდერობა“, – განაცხადა პაკიაომ ინტერვიუში.

აწ უკვე ყოფილმა მოკრივემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონკურენტმა ფრაქციამ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა კრისტოფერ გო – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს ყოფილი თანაშემწე.

არჩევნები 2022 წლის 9 მაისს გაიმართება.