მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, შეთანხმება 29 ოქტომბერს ამოქმედდება
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმება 29 ოქტომბერს ამოქმედდება.
„ორივე ქვეყანა შეთანხმდა, დროებით შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება ოლეშკიში, რათა ჰუმანიტარულ დახმარებას შესვლის საშუალება გაჩნდეს და განხორციელდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო დერეფნით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მელანია ტრამპის თქმით, ოლეშკიში დარჩენილ მოსახლეობას გადაუდებლად სჭირდება სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი.
„სიტუაცია ოლეშკიში მძიმეა. ოლეშკი ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქია, რომელიც კატასტროფის პირასაა. ქალაქის დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც გადაუდებლად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები, საკვები და სუფთა წყალი“, – აღნიშნა მელანია ტრამპმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ოლეშკი რუსეთის ძალებმა 2022 წლის თებერვალში აიღეს. მცხოვრებლები სასურსათო კრიზისზე საუბრობენ. მხარეები ერთმანეთს ქალაქში მარაგის მიწოდების ბლოკირებაში ადანაშაულებენ.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომამდე ოლეშკის მოსახლეობა დაახლოებით 24 000 იყო, ახლა კი იქ დაახლოებით 1 700 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 47 ბავშვია.