მელანია ტრამპი ოპერაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა
მელანია ტრამპი ოპერაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ოპერაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი პირველი ლედის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

48 წლის მელანია ტრამპი 14 მაისის შემდეგ უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მას თირკმელზე ოპერაცია ჩაუტარდა.

„ის კომფორტულად ისვენებს და ამაღლებულ განწყობაზეა. ჩვენმა ოფისმა ათასობით ზარი და წერილი მიიღო, რომელშიც ქალბატონ ტრამპს გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გამონახა დრო მოსაკითხად“, – განაცხადა აშშ-ის პირველი ლედის პრესსპიკერმა სტეფანი გრიშემმა.

თეთრ სახლში მეუღლის დაბრუნებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„შესანიშნავია, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი პირველი ლედი დაბრუნდა თეთრ სახლში. მელანია თავს ნამდვილად კარგად გრძნობს. მადლობას გიხდით ყველას ლოცვისა და საუკეთესო სურვილებისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.