მეკობრეებს, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, თავიანთი მოთხოვნები ჯერ არ წამოუყენებიათ
მეკობრეებს, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, თავიანთი მოთხოვნები ჯერ არ წამოუყენებიათ

მეკობრეები, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ გამტაცებლებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მას აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელთან და ასევე დაუკავშირდა გემზე დარჩენილ ქართველ მეზღვაურსაც.

იოსელიანი ადასტურებს, რომ მეზღვაურების გატაცების დროს იყო სროლაც, თუმცა არავინ არ დაშავებულა.

„დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაერში მოხდა გასროლა. ეკიპაჟის გატაცებული წევრებიდან არავინ დაშავებულა. კომუნიკაცია მქონდა ეკიპაჟის იმ წევრებთანაც, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან გემზე. მათ შორის არის ქართველიც, რომელმაც დამიდასტურა, რომ არის უსაფრთხოდ, ჯანმრთელი და უვნებელი. რაც შეეხება გამტაცებლების მოთხოვნებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღე გამტაცებლებთან კომუნიკაცია არ შედგება და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეიარაღებულმა პირებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, გატაცებულებს შორის საქართველოს ოთხი მოქალაქეა.