მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა - ერთადერთი კანდიდატი ოპონენტებს მოლაპარაკებას სთავაზობს #1TVSPORT
მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გადაიდო. ვაკის საცოც დარბაზში ყრილობის 23 სუბიექტიდან 15 გამოცხადდა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ყრილობამდე პრეზიდენტი ლადო გურჩიანი გადადგა და პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან გურჩიანი დასახელდა. მეკლდეურობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლაზარე კომახიძემ, რამდენიმე კლუბის სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა კი საპროტესტო აქცია გამართეს და ფედერაციაში ცვლილებები მოითხოვეს. პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„იმედია, ყრილობის გადადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკეთეს შედეგს მოგვიტანს. ახალ ყრილობაზე მხოლოდ მოქმედი კლუბები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ჩვენი პროტესტი იმან განაპირობა, რომ, 13 სუბიექტის ნაცვლად, ახლები დაამატეს, რომლებსაც ყრილობაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. ჩვენი სურვილია, ფედერაცია განახლდეს და სპორტის ეს სახეობა განვითარდეს, რადგან მეკლდეურობა მნიშვნელოვანი სახეობაა, ბევრ ქვეყანაში განვითარდა, ჩვენთან კი წინსვლა არ იგრძნობა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაზარე კომახიძემ.
პირველმა არხმა კომენტარი პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, ლევან გურჩიანსაც ჩამოართვა: „ოპონენტებს მოვუწოდებ, სანამ ყრილობა გაიმართება, შევიკრიბოთ და საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს, შეთანხმება აუცილებელია. ჩემთვის ყველანაირი წინადადება, რაც საქმეს წაადგება, მისაღები იქნება. სხვათა შორის, ჩვენ რეფორმების გატარება და ფედერაციის განახლება გვსურს, რასაც აქციის მონაწილეებიც ითხოვდნენ. რაც შეეხება ზედმეტ სუბიექტებს – ესენი სიპ-ები, ანუ სკოლებია, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ, ჩემპიონატებს იგებენ და განვითარებას ცდილობენ. მათთვის მონაწილეობის აკრძალვა მიუღებელია, მით უმეტეს, რომ ამას წესდება არ კრძალავს“.