პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამისთვის ოთხი ახალი სახეობა შეარჩიეს
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამისთვის ოთხი ახალი სახეობა შეარჩიეს

2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა დაასახელა სპორტის სახეობები, რომლებსაც შესთავაზებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თამაშების პროგრამაში შესაყვანად, – ამის შესახებ წერს ბი-ბი-სი (BBC). ეს სახეობებია – ბრეიკდანსი, სერფინგი, მეკლდეურობა და სკეიტბორდინგი.

ბოლო სამ სახეობას დებიუტი ექნება 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ბრეიკდანსი კი ჯერ არ შეუტანიათ თამაშების პროგრამაში.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ტონი ესტანგემ განაცხადა, რომ თამაშების პროგრამას „უფრო ურბანისტულსა და არტისტულს“ გახდიან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ წინადადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წლის დეკემბერში მიიღებს.

2018 წელს, ბრეიკდანსი წარმოდგენილი იყო ბუენოს აირესში იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებზე.

2024 წელს, ოლიმპიური თამაშები პარიზში, 24 ივლისიდან პირველ აგვისტომდე გაიმართება.