ლადო გურჩიანს ალპინიზმში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
ლადო გურჩიანს ალპინიზმში შეტანილი წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება ­- სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. შესაბამისი მედლით ლადო გურჩიანი სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ დააჯილდოვა.

სპორტის რაინდის წოდება ლადო გურჩიანს, საქართველოში მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. იგი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში სპორტის დამსახურებული ოსტატია, ქართულ სპორტში 1964 წლიდან მოღვაწეობს. იგი ლეგენდარული ქართველი მთამსვლელის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე იყო. გურჩიანმა მრავალი წარმატებული მთამსვლელი აღზარდა. 1976 წელს, ქართველმა მთამსვლელმა უშბის ე.წ. სარკე (900-ით გადმოხრილი გლუვი კედელი) ხერგიანის მარშრუტით დალაშქრა. გურჩიანმა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია დააფუძნა, ამჟამად კი ფედერაციის გენერალი მდივანია.

დღესვე ირაკლი დოლაბერიძე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მირზა ლიპარტელიანს შეხვდნენ და მეკლდეურობაში არსებულ ვითარებასა და ფედერაციის გეგმებზე ისაუბრეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური