მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო კიბე გადაეცა
მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო კიბე გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ – RDFG-ის მიერ სახანძრო-სამაშველო ავტო-კიბე გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სახანძრო ავტო-კიბე გამოყენებული იქნება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ. ავტო-კიბე 40 მეტრის სიგრძეზე იშლება და ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიან შენობებში ხანძრის ქრობის და სამაშველო სამუშაოების დროს.

ტექნიკის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი მეხანძრე მაშველის პროფესიულ დღეს, ბათუმში გაიმართა. ღონისძიებას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი თეიმურაზ მღებრიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის“ ხელმძღვანელი ვანო გრიგოლაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მიწვეული სტუმრები სახანძრო-სამაშველო ძალების პირად შემადგენლობას შეხვდნენ და ზღვაზე სამაშველო აღჭურვილობა დაათვალიერეს.

ზაფხულის სეზონის მოახლოების გამო სანაპირო ზოლზე მეხანძრე-მაშველთა დანაყოფები გაძლიერებულია, როგორც პირადი შემადგენლობით, ასევე ტექნიკით. მაშველები სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და იაპონიის საელჩოს თანამშრომლობა წლებია ნაყოფიერად მიმდინარეობს. სამსახურმა უკვე მიიღო ერთი სახანძრო ავტო-კიბე და ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი ორი მანქანა. ტექნიკა თბილისის და ბორჯომის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებშია განაწილებული და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ოპერაციების დროს. მნიშვნელოვანია, რომ იაპონურ მხარესთან განიხილება სხვა არაერთი ერთობლივი მასშტაბური ღონისძიების განხორციელება. უკვე მიღწეულია შეთანხმება 2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოსთვის ერთი სახანძრო მანქანის გადაეცემის შესახებ.