მეხანძრე-მაშველი დაქორწინების, შვილის შეძენის ან არასრულწლოვნის შვილად აყვანისას ერთჯერადად 1875 ლარს მიიღებს
მეხანძრე-მაშველი დაქორწინების, შვილის შეძენის ან არასრულწლოვნის შვილად აყვანისას ერთჯერადად 1875 ლარს მიიღებს

მეხანძრე-მაშველი დაქორწინების, შვილის შეძენის ან არასრულწლოვნის შვილად აყვანისას  1875 ლარის ოდენობის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში, რომელიც დღეს დამტკიცდა.

ამასთან, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე ერთჯერადად 1875 ლარს მიიღებს.

„მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები ფულადი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის სრულ ოდენობამდე შესავსებად.

მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელ პერიოდში მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და არასრულწლოვან შვილებს) უნარჩუნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მეხანძრე-მაშველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურდება. ხოლო ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს სამსახური.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 4 000 ლარი, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.

ამავე დოკუმენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ლარის ოდენობით.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს), სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებისა და შეღავათების უზრუნველყოფის წესში.

ამასთან, მეხანძრე-მაშველს, რომელსაც სპეციალური სახელმწიფო წოდება აქვს მინიჭებული, შესაძლებელია, საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება.

 

წყარო: საკანონმდებლო მაცნე