მეხანძრე-მაშველებმა ონში დაკარგული ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა ონში დაკარგული ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ონის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში მყოფ ორ ტურისტს, სავარაუდოდ, გზა აებნა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს საძიებო სამუშაოები.

„რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველთა ჯგუფები ტყეში, 16 კილომეტრის მონაკვეთზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს. წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები და ისინი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება – ორივე პირი თავს კარგად გრძნობს“, – აცხადებენ უწყებაში.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ამბროლაურისა და ონის განყოფილებების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დატოვე კომენტარი