მეხანძრე-მაშველებმა გორში 16 წლის გოგონა გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა გორში 16 წლის გოგონა გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა გორში 16 წლის გოგონა გადაარჩინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გორში, მშვიდობის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლისთანავე, ძლიერი კვამლის გამო, მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ. სახლში მეხანძრე-მაშველებს 16 წლის გოგონა დახვდათ, რომელიც შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ის ადგილზე შეამოწმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ და პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებენ უწყებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.