მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს სამი ბავშვი გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს სამი ბავშვი გადაარჩინეს

მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს სამი ბავშვი გადაარჩინეს.

მეზობლების ინფორმაციით, 14, 11 და ოთხი წლის ასაკის ბავშვები სახლში მარტო იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსაფრთულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო – სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან სამი მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა.

უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.