მეხანძრე-მაშველები ქართულ-ამერიკულ სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას
მეხანძრე-მაშველები ქართულ-ამერიკულ სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის პარტნიორობის პროგრამის (State Partnership Program) დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი პატრიკ ფეარფაქსი ეწვია. სტუმარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა უმასპინძლა. ამერიკელ პარტნიორთან შეხვედრაზე მან მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს აგვისტოში დაგეგმილი ორი სწავლების დეტალები, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და რაჭაში ჩატარდება. ერთი მათგანი  მოიცავს სწრაფ წყლებში სამაშველო სამუშაოებს, ხოლო მეორე – სამთო-სამაშველო წვრთნებს. სწავლებებში ჩართული იქნება 50-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც ამერიკელი პარტნიორები მოამზადებენ. აღნიშნული წვრთნების მიზანია პირველადი მორეაგირეების შესაძლებლობების დახვეწა, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და უწყებათშორისი კოორდინაციის განვითარება.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან 2016 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამსახურს გადაეცა სხვადასხვა სახის სახანძრო ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა, როგორც მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის, ასევე, უშუალოდ რეაგირებისთვის.