ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს, ფლოიდ მეივეზერს, MMA-ში დებიუტი ექნება – მან უკვე გააფორმა კონტრაქტი პირველ ბრძოლაზე, – იტყობინება ESPN.
თავის პირველ შეხვედრას შერეულ ორთაბრძოლებში მეივეზერი 31 დეკემბერს, RIZIN-ის ტურნირის რანგში ჩაატარებს. 41 წლის მოკრივის მეტოქე იაპონელი ტენსინ ნაცუკავა იქნება. ბრძოლა იაპონიის ქალაქ საიტამაში Saitama Super Arena-ზე გაიმართება, რომელიც 37 ათას მაყურებელს იტევს.
ნაცუკავას შერეულ ორთაბრძოლებში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს.
შეგახსენებთ, რომ მეივეზერმა რამდენჯერმე გამოთქვა UFC-ის ჩემპიონთან ხაბიბ ნურმადგომედოვთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი წინააღმდეგია, რომ ბრძოლა კრივის წესებით ჩატარდეს.